logo
ENG



"სრული სიცრუეა" - გილაური ახალი პარტიის შექმნაზე ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება

29 მარ 202314:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/29/3xdq83pes99hkva.png

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, რომ თაკო ჩარკვიანის მიერ ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სრული სიცრუეა.

"ძვირფასო ფბ მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“

ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული", - წერს გილაური Facebook-ზე. 

ჩარკვიანმა 28 მარტს, ფორმულას ეთერში გადაცემა ღამის კომენტარში განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც წევრიანდება ნიკა მელია და გაწევრიანებას აპირებს ხატია დეკანოიძეც".

"ჩემი ინფორმაციით, მალე ბიძინა ივანიშვილი ახალი შეფუთვით და ახალი პარტიით წარმოჩინდება.... 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, მერე შენ როცა უნდათ მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას. დიახ [ნიკა გილაური ქმნის პარტიას ბიძინა ივანიშვილის დავალებით] და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია... ხატია დეკანოიძეც ჩართულია ამ ამბავში, არ ვიცი მისი თანხმობა ამ წუთებში მგონი უკვე არის. როდესაც ვიცი, რომ არავის არაფერს არ ჩუქნის ის კაცი ისე. ეს მისი სტილია რომ ჯერ გაგაბას სქემაში და შემდეგ ვალდებული ხარ რომ პარტია გააკეთო. შენ უნდა გააკეთო მერე პარტია და მისი მოსამსახურე უნდა გახდე", - განაცხადა ჩარკვიანმა. 

თაკო ჩარკვიანის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და ენმ-ის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძეც გამოეხმაურნენ და ჩარკვიანის ინფორმაცია უარყვეს. 

როგორც მელია წერს, "ადამიანები, რომლებსაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ, კაგებეს მეთოდებით ჭორების გამავრცელებლები არიან".

"თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე - ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.

დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის "დავალებით" ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.

კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ.

ქვყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!", - წერს მელია. 

დეკანოიძის თქმით, თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, "სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს".

"ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე", - დაწერა დეკანოიძემ Facebook-ზე. 


close დახურვა